воскресенье, 17 июня 2012 г.

‎14 ივნისის აღსარება

ალექსანდრე ელერდაშვილი

საბოლოოდ დავმორჩილდი ბედს და ჩემი საწუთისოფლო სტატუსი დავადგინე – ხაიამოლოგი ვარ...
ვეთანხმები პატივცემულ შოთას – "რაცა ვის რაც ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს".
მგონი, მეოთხედ მივბრუნდი ბატონი ომარის ნაფიქრალს და ვთარგმნი ქართულად, ოღონდ ახლა ინგლისურ თარგმანებსაც ვურთავ და მხოლოდ ხაიამის რობაიების ლექსიკონსაც ვადგენ ამ გამოცემისთვის... 100 ერთეული მზად არის, გეგმაში მაქვს 500.
ჰოდა, ძველ თარგმანებსაც ვიყენებ, მაგრამ ზოგი ძალიან აღარ მომწონს; აი, მაგალითად ეს:
ღმერთმა ქნას, ძმაო, რომ მოვკვდები, მთვრალი ვკვდებოდე,
შენ კი - შენც მთვრალი - ისევ ლხინზე მელაყბებოდე,
მერე, ვინ იცის, ეგებ მაინც გენატრებოდე,
მე კი - მე მკვდარი - მხოლოდ მიწას ვენაღვლებოდე.

ორიგინალს ვკითხულობ და ვხედავ, რომ თავის დროზე ბევრი "ლაფსუსი" ჩამიდენია, ასე ვთქვათ – აფრები ზედმეტი ფანტაზიით ამიშვია.
ვიწყებ ხელახლა თარგმნას და ვამჩნევ, რომ ზოგიერთ მეცნიერ ხაიამოლოგსაც ზოგჯერ არასწორად "აშვებული აფრებით" უცდიათ მიზნამდე მისვლა. ანუ:
დავით კობიძის ქრესტომათიაში ამ რობაის ოთხივე სტრიქონში აქვს რითმა (შუიიდ–გუიიდ–ჯუიიდ–ფუიიდ), რუსი და ინგლისელი კოლეგების გამოცემებში კი მესამე სტრიქონში გვხვდება "იაბიდ", რაც, ბუნებრივია, არ ერითმება ყველა დანარჩენს...
ბატონი დავითის (ჩემი მასწავლებლის, ფანტასტიური პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის) ვერსია აბსოლუტური სიზუსტით ჯდება ყველანაირ პოეტურ–მთარგმნელობით მოთხოვნებში.
აქედან გამომაქვს ჩემთვის ფრიად საინტერესო დასკვნა:
ვისაც პოეტური ნიჭი არ გააჩნია, ხელი არ უნდა მოკიდოს ხაიამის და მისი მეგობრების (ჰაფეზის, საადის, რუმის და მისთანების) შემოქმედების შესწავლას... ეს იგივეა, რომ დალტონიზმით დაავადებული რაფაელის და მისი მეგობრების (კარავაჯოს, ლეონარდო და ვინჩის, ვერონეზეს და მისთანების) ნახატებს იკვლევდს ან მუსიკალური სმენის არმქონე ადამიანი იყოს შოპენის და მისი მეგობრების (ნუღარ ჩამომათვლევინებთ) შემოქმედების შემფასებელი.

ორიგინალში ასეთი აზრებია:
როცა მოვკვდები, ღვინით გამბანეთ,
(მიცვალებულის) წესის აგებაც ღვინით და ჯამით ჩაატარეთ;
განკითხვის დღეს თუ ჩემს მოძებნას ისურვებთ,
ღვინის სარდაფის მიწაში მომნახეთ.

ალბათ, გაგახსენდათ ვიქტორი დოლიძის ცნობილი ოპერის ფრაგმენტი:
ძმებო, როცა მოვკვდები,
ნუ ჩამდებთ კუბოშია,
სუყველას გევედრებით
ჩამდეთ ტიკჭორაშია.

დიახ, მსგავსება არის.... უფრო სწორად დოლიძის "ქალაქურ კუპლეტებში" ძველი თბილისის სპარსული პოეზიისადმი მიდრეკილების ტრადიცია ჩანს....
უნებლიედ გამოდის მეორე დასკვნა – უკვალოდ არაფერი იკარგება ამქვეყნად...
ასე და ამრიგად შევუდექი ხელახალ თარგმნას და ასეთი შედეგი მივიღე:

როცა მოვკვდები, მე განბანა ღვინით მწადია,
წესის ამგებმაც მოიმარჯვოს ღვინის ბადია;
განკითხვის დღესკი ჩემი მტვერი ძებნეთ, ცხადია,
სარდაფში, სადაც სულ ლოთები ადი-ჩადიან.

вторник, 5 июня 2012 г.

აღსარება" გაცნობისათვის"

ნინო ანთიძე


 მოგესალმებით!
 მოხარული ვარ,ვიყო თქვენი ჯგუფის წევრი და არა მხოლოდ შორიდან გადევნოთ თვალი,არამედ გავეცნო მასალებს აღმოსავლეთის ისტორიაზე,მეცნიერების განვითარებისა და რაც მთავარია, ომარ ხაიამის შესახებ.ამისთვის გულითად მადლობას ვუხდი ბატონ ალექსანდრეს,რომელმაც პატივი დამდო და ჯგუფში გაწევრიანება შემომთავაზა.
 ძალიან კარგ და სასრგებლო ინიციატივად მივიჩნევ ხაიამის გალექსვის კონკურსს,რადგან,პირადად მე რითმასთან „ჭიდილს“გონების ვარჯიშად აღვიქვამ და ამ ვარჯიშისთვის,საუკეთესო საშუალებად სწორედ თარგმნა მიმაჩნია..რის ნებასაც, ხანდახან ვრთავ ხოლმე ჩემს თავს და გამოგიტყდებით,რომ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს,თუკი შევძლებ,ორიგინალს მაქსიმალურად დავუახლოვო ჩემი ნაცოდვილარი ტექსტით,ჟღერადობით,მარცვლით,და​ რაც ყველაზე აუცილებელია, – შინაგანი განწყობით.
 პროფესიონალი მთარგმნელი არ გეგონოთ..– მხოლოდ მოყვარული გახლავართ, აქამდე ჩემთვის(ჩუმად)ვცოდვილობდი,სანა​მ ეშმაკი არ შემომიჩნდა და ფეისბუქზე ერთი ჩემი „ფრენდის“მიერ შემოთავაზებულ თამაშში არ ჩავები,– იგი რუსულ ტექსტს მიგზავნიდა,მე კი იქვე ვუთარგმნიდი ხოლმე დანიშნულ დროში..მერე ერთმანეთს შენიშვნებსა და რჩევებს ვაძლევდით,ვაქებდით და ვცხოვრობდით ასე „გუგულებივით“...სანამ ერთხელაც ბატონი ალექსანდრე არ წამოგვადგა თავს და გამოგვიჭირა როგორ ვაწვალებდით სწორედ ომარ ხაიამს(მისდამი მეტისმეტი სიყვარულის გამო), რუსულიდან ქართულად და პირიქით.
 ...რისხვა თავს არ დაგვტეხია,მივიღეთ ძალიან ზომიერი და კორექტული შენიშვნა,რასაც ჩემი „ფრენდის“აბობოქრებული რეაქცია მოჰყვა..
 ბატონო ალექსანდრე,თუ რამ გადაჭარბებული დაიწერა,მინდა პირადად მოგიხადოთ ბოდიში და გავიმეორო:“კაი რამეა ფეისბუქი..მრავალმხრივ..“,– ჩვენ, უბრალოდ,“ამ მშვენიერ წუთისოფელში”საკუთარი იდილია დაგვერღვა ალბათ და ყველაფერი ამან გამოიწვია...სამგიეროდ, აი, თქვენთან ვარ და აღფრთოვანებული ვარ სპარსული ენის ჟღერადობითა და სინატიფით!!!გამოგიტყდებით,თითქ​მის მათუსალას ხნისა რომ არ ვიყო,შევისწავლიდი ამ ენას,მერე დავჯდებოდი და დავტკბებოდი ხოლმე ომარ ხაიამის რობაიებით..ვთარგმნიდი კიდეც და როცა ბატონი ალექსანდრე გვკითხავდა მე და ჩემს“ფრენდს“
 Alexander Elerdashvili :Извините, с какого языка вы переводите Хайяма на грузинский...–
 –ამაყად ვუპასუხებდი:“ჰეჰ..რათქმაუნდა ორიგინალიდან..აბა რა გეგონათ“–მეთქი!
 ...აი,მოკლე ისტორია ჩემი თქვენთან გამოჩენისა..
 მაქვს პატივმოყვარული ეჭვი,რომ კონკურსის იდეაც სწორედ ამ შემთხვევით იყო შთაგონებული,ამიტომ უფლება არ მაქვს,განზე ვიდგე და განსასჯელად არ შემოგთავაზოთ ჩემი ვარიანტებიც.ოღონდ,მანამდე,ნება​ მომეცით, კიდევ ერთი კურიოზი მოგიყვეთ:
 როდესაც ბატონმა ალექსანდრემ ჯგუფში მასალა დაგვიდო,მაქსიმალურად სწრაფად(როგორც „ფრენდთან“თამაშისას),გავლექსე და პირად მიმოწერაში გადავუგზავნე,მივიღე შენიშვნა,მაშინვე ჩავასწორე და ისევ გავუგზავნე.აი ის ვარიანტი:
 "თუ წამი იყო ჟამი ქვეყნად ჩემი გაჩენის,
 არ ვიცი,როდის იწურება ვადა დარჩენის,–
 რა იყო მოსვლა,რაა წასვლა,რად ღირდა ყოფნა..
 სჯობდა არასდროს არ მეზიდა ეს განაჩენი."
 ...არ ვიცი,მოეწონა თუ არა ადრესატს ჩემი გზავნილი,რადგან ვინ აცალა აზრის გამოთქმა!!!:)))) –ამას მივაყოლე,რომ ძალიან მომეწონა სპარსული ჟღერადობა,და მინდა გავაკეთო ქართული ვარიანტი,რომელშიც ჟღერადობა მაქსიმალურად მიახლოებული იქნება მეთქი ორიგინალთან...
 ადრესატსაც მეტი რა დარჩენოდა..“ხეილი ხუბ“მისურვა,ხოლო მე ჩემი საქმეები გავაგრძელე დაააა...წუხელ ...წუხელ და–ვი–ტან–ჯე!!!
 მოკლედ,წუხელ გამახსენდა,რომ დაპირებას შესრულება უნდა და შევუდექი საქმეს!
 ..საინტერესო ის გახლავთ,რომ მოცემულ რობაიში მარცვლის სწორედ უცნაური რაოდენობა(13–12–14–13),ქმნის ყოვლად გასაოცარ მელოდიას,რასაც ემატება თვით სპარსული ენის მშვენიერება...მხედველობაში მაქვს სიტყვები,რომლებშიც ბგერა „დ“დომინირებს და ქმნის რიტმიკას,რომელიც უნებლიედ დაირის ხმად ჩაგესმით..მე ასე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში..ტექსტის საშუალებით შეგახსენებთ ამ მელოდიას:
 gar amadanam baman bodi namodami
 var niz shodan baman bodi qei shodami
 beh zan nabodi ke dar andar in aleme xaq
 na amadami na shodami na bodami
 (პწკარედი
 თუკი მოსვლა ჩემს თავთან იყო არა სამუდამო,
 და თუ წასვლაც ჩემთვის იყო დაწესებული, როდის წავალ?
 ამ მიწიერ ქვეყანაში იმაზე უკეთესი არაფერი იქნება,
 რომ არც მოვსულიყავი, არც წავსულიყავი და არც ვყოფილიყავი).
 დავიწყე „ცოდვილობა“...სულ დამავიწყდა ერთი ქართული კაფია:“ბუზისოდენამ შვილოსა,თავი ადარე სპილოსა“–ო..;)
 ...ეხლა არ გინდათ,თან ტექსტი დაუახლოვოთ ორიგინალს,თან რიტმი და მელოდია დაიცვათ ,შინაარსი არ დაკარგოთ,განწყობა შეინარჩუნოთ და არც მარცვალი გაგეპაროთ სადმე ან ზედმეტი,ან – ნაკლები?!
 ...მოკლედ,მივხვდი იმ კაფიის სიბრძნეს..მაგრამ რაკი დიდად არ მაწუხებს ვიქნები თუ არა განსჯის საგანი,თავს ნებას მივცემ და წარმოგიდგენთ ჩხირკედელაობის შედეგს:
 "შენ,დიადო..ვისგანაც ვარ დანაბადი – 13
 გამანდე – თუ წასვლისგან ვერ მიფარავდი –12
 რად მომავლინე თუ დადგომა აქ იქნებოდა –14
 არ სამუდამო,,არ მუდმივი..არ მარადი "– 13 !!!!:)))))))))))))))))
 ....რადგან მე თვითონ გულიანად ვიცინი,შეგვიძლია, ვიცინოთ ერთად..ეს ყველაფერი მარცვალმა და ბგერამ მიყო,ამიტომ,ალბათ მსგავსი „მონდომებისგან“უნდა გავთავისუფლდეთ,გალექსვისას შევეცადოთ ქართულ თარგმანებში,ტრადიციულად,ძირითა​დად გამოყენებული 14 მარცვალი და ვაღიაროთ,რომ სპარსული ულამაზესი ენაა!!!
 ..ახლა,ვცადოთ,ჩავამატოთ მარცვლები და ვნახოთ რას მივიღებთ:
 შენ, ჰე,დიადო..ვის ნებითაც ვარ დანაბადი –14
 გამანდე – თუკი წასვლისგან ვერ მიფარავდი –14
 რად მომავლინე თუ დადგომა აქ იქნებოდა –14
 არ სამუდამო,,არ მუდმივი..არა მარადი – 14 !
 ალბათ,დამეთანხმებით,რომ ცოტა კი გამოსწორდა,მაგრამ სამაგიეროდ შინაარსი საოცრად ჰგავს მთვრალი კაცის ნაბოდვარს..ხოლო ხაიამის ასკინკილათი მოყვარულნი,ისედაც თვლიან რომ მან სმის და რობაის მეტი არაფერი იცოდა და ჩვენი მისდამი უსაზღვრო პატივისცემის ხათრით,ასეთი დარგმანები რათქმაუნდა,არავის, არსად არ ვაჩვენოთ!:))))))
 ...და თქვენ გგონიათ ამაზე გავჩერდი? არრრა!:)))) ახლა რუსულ ვარიანტს მივადექი!!!
 სხვათაშორის,მე მომეწონა რუსი ხაიამოლოგის ნათარგმნი.– აზრი გადმოცემულია შეკითხვების საშუალებით,რაც,ჩემის აზრით აიოლებს შინაარსისა და ხასიათის შენარჩუნებას:
 Для чего бытие, раз уход предрешен?
 Для чего алчный путь в жизни определен?
 Если место предписано это оставить,
 Для чего нам покой, кто на миг лишь рожден?
 ამ ფორმით „გაქართულება“ გაცილებით ადვილი აღმოჩნდა:
 "…განა ღირს მოსვლა,თუ წასვლაა განზრახვა ბოლო? ან რა ფასი აქვს ყოფას,თუ ის წამია მხოლოდ? ჰე,გამჩენელო,რად მარგუნე ეს განაჩენი – რად მომავლინე,თუ ყოველი უნდა დავტოვო?"
 ამასობაში,მეც, – როგორც ხაიამის მოყვარულს,მომინდა გალექსვა ისე,რომ შემოთავაზებული პწკარედის ჩარჩოებიდანაც გავთვისუფლებულიყავი,არც „სპარსული ჟერადობა“ ყოფილიყო დაცული,არც რუსულიდან ნათარგმნი...არამედ ისე..აი,როგორც მე გავიგე,ამდენ ჯახირში გავითავისე და ჩემად მექცა..
 გაფრთხილებთ,მე საერთოდ ცოტა მკვეთრი ხასიათი მაქვს...როგორც რუსები იტყვიან „რეზკაია“:),ამიტომ ჩემი საბოლოო ვარიანტი ესაა და ამაზე ვჩერდები(მადლობა უფალს):
 "ჰეი,საწუთროო,დაბადებით ვერ დაგიმკვიდრე!
 როდის გამიყვან შენგან,გკითხე,– პასუხს ვერ ვიღებ..
 ის მაინც მამცნე,თუკი წასვლა გარდუვალია,–
 რად დამავალე და ცხოვრების ტვირთი ამკიდე?!"
 არჩევანი თქვენთვის მომინდვია,ყველასთვის:))))
 ...რაც შეეხება კონკურსს,– გთხოვთ,კონკურსგარეშედ ჩამთვალოთ,რადგან მე მ ო ყ ვ ა რ უ ლ ი გამლექსავი ვარ,თან არაპროფესიონალი..ხოლო ასეთი უბრალო სიყვარული კონკურსგარეშეა!!!!
 გმადლობთ ყველას..მიხარია,თუ გაგახალისეთ!
 ...და ისა..– ველოდები ახალ პწკარედებს...
 P.S. – ისე...ბატონო ალექსანდრე,ამიერიდან,ვინმე თუ მკითხავს,რომელი ენიდან თარგმნი ხაიამსო,მეყოფა თავხედობა ვუთხრა“ჰეჰ..რათქმაუნდა სპარსულიდან“ და იქვე დავამატო; „ალექსანდრე ელერდაშვილის ხელმძღვანელობით“!:)